ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი, საპატიმროში ენმ-ის თავმჯდომარის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მოლაპარაკებების პროცესში ახალი დოკუმენტის რამდენიმე პუნქტიდან მხოლოდ ერთის შესახებ იცის ნიკა მელიას პოზიცია - ოპოზიციონერი ლიდერი 20 ივნისის ღამის საქმეზე ამნისტიის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.
„მისი პოზიცია არის ცნობილი. მას აქვს აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება ამნისტიის საკითხთან, სადაც გამოდის, რომ ერთ პლატფორმაზე უნდა განიხილებოდნენ ახალგაზრდები, ვისაც მიაყენეს არაერთი დაზიანება, დათხარეს თვალები და ამ კანონით გამოდის, რომ მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომლებსაც პასუხი არ უგიათ დანაშაულზე, უნდა გათავისუფლდნენ და ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას მათსა და ამ ახალგაზრდებს შორის.
გირაოზე კიდევ ერთხელ ვამბობთ - მელია არის უკანონო პატიმრობაში და ეს გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ვაჭრობის თემად. სხვა თემებზე გავივლით მასთან და შემდეგ მოგახსენებთ", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.
23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.